ღამის 1 საათი, ავჭალის გზატკეცილი, მინგრეულ გზაზე წინ ერთადერთი თეთრი ღამის სანათი.
15 წუთის წინ.
ძალიან, ძალიან და რატომღაც, მოუნდა :
” გინდა ბაბუაჩემი გაგაცნო?”
” კი, რატომაც არა” . – (თითქმის ) არასოდეს ვუტეხავ.
15 წუთის შემდეგ .
ვიწრო ნაძვების ხეივანი, ორივე მხრიდან დაბურული გრძელი გზა.
ერთადერთი მოძრავი არსებანი შემოგარენში ჩვენ ვართ.
გადმოვედით.
“აი, აქვე, გზიდან 5 მეტრიც არაა…”
შევედით ))
“აი, შავი ღობე რომ აქვს, ისაა”
მეც დავინახე შავი უზარმაზარი მარმარილოები. ლამის კაცის სიმაღლეზე შემოღობილი.
“აგული, ეტა ტი?” – უცებ კადრმა გამიელვა ფილმიდან “არაჩვეულებრივი გამოფენა” .
“მართლაც არაჩვეულებრივი გამოფენაა” – ვამბობ მე და გარშემო თეთრი ფერის სტატუეტკებს ვათვალიერებ, რომლებსაც რატომღაც, კაცის სახე აქვთ …
1-2 საფლავს შემოვუარეთ, 2-3 კიბე ავიარეთ შემაღლებულზე და მივედით.
ჯერ ის შევიდა, მერე – მე.
უკუნი სიბნელეა, ვერაფერს ვხედავ.
სურათთან ახლოს მივედი და ჩავიმუხლე – ახლომხედველი ვარ და ისე ვერ ვარჩევ კაცის სახეს ქვაზე.
“ბაბუ, ეს ვერიკოა, გაიცანი”.
მე ვიღიმი.
“მეც ძალიან მიყვარდა, მიყვარს ბაბუ. მერე ჩემთანაც წავიდეთ.”
“კაი, წავიდეთ”.
წამოვდექით, თან არ გვინდა დარაჯმა დაგვინახოს.
“აჩო, ვილოცოთ. გინდა? ერთად ვილოცოთ.”- ის მიყურებს და მეთანხმება.
მე პალტოს კაპიშონი გადმოვიფარე და ორივე ერთად ვამბობთ ჯერ “მამაო ჩვენოს”, მერე “ღვთისმშობლის ლოცვას”. ეს უკანასკნელი აჩომ არ იცის.
აჩომ არც ხმამაღლა ვედრება იცის:
“მოდი, ბაბუასთვის ვილოცოთ, ვთხოვოთ უფალს, რომ სადაც არიან იქ კარგად იყვნენ”.
არ მეთანხმება – მასე არ მინდაო.
“გულში, გულში მაინც.”
“მასე ისედაც ვიტყვი ))”
ცოტა ხნით ორივე ვჩუმდებით.
მერე მე ისეთი საზიზღარი ვარ მაინც ვაყოლებ რას ფიქრობდა გულში.
გულში, გულში მართლა მიყვარს ეს ბიჭი. თბილი ბიჭი.
მერე მოვათვალიერე მიდამო. მხოლოდ 1 შევსებული ადგილი.
“დანარჩენი ჩვენია ხო?” – უცნაური გრძნობაა, როცა 20 წლის ასაკში ღამე საკუთარ საფლავს მიაკითხავ.
“მომავალში ჰო, ალბათ ჩვენ დავსაფლავდებით აქ”.
მე კი მჯერა, რომ ჩვენ არ მოვკვდებით. მართლა მჯერა მე ამისი.
რაღაცნაირად თითქოს სავსე და თან ცარიელები ვართ. ეს იგივეა, ჭიქა რომ ნახევრად სავსე/ცარიელია.
გამოვდივართ. ვიღაცა ჩამვლელი მანქანიდან გაოცებული გვიყურებს .
ახალი მთვარეა, მთელი ღამე ღრუბელი არ მოკარებია.
