Posted by vekoo on February 17, 2012
ადამიანის ცხოვრება მთელი თავისი არსით სისულელეა თუ სადღაც, გულის ყველაზე ბნელ ან ტვინის ყველაზე ღრმა კუნჭულში მაინც არ არის ჩამალული მისი ცხოვრების კრედო და ის მიზანი რისკენაც ცნობით თუ გაუაზრებლად მიიწევს.
ამ ქვეყნად ყველაზე პოხუისტი ადამიანიც კი მარტო დარჩენისას ისვენებს, იძინებს ან საყვარელ მუსიკას უსმენს – ამ შინაარსის იქნება სრული უმრავლესობის პასუხი კითხვაზე “თუ რას აკეთებს მარტო დარჩენისას ან თავისუფალ დროს?”
ბევრი თავს დღევანდელი დღით მეცხოვრედაც ასაღებს და მისთვის სულ ერთია რა იქნება ხვალ და მითუმეტეს თუ რა შედეგი მოყვება მათ დღევანდელობას.
ასეა ეს მართლა?
ვერ დავიჯერებ, რომ გრძელი, ყველაზე გრძელი და შორს მიმავალი ფიქრის ძაფი ყველა ადამიანის ეგოში არ არსებობდეს.
ერთ დროს ჩემთვისაც “სულ ერთი” იყო რა იქნებოდა ხვალ,
ერთ დროს ჩემთვისაც “სულ ერთი” იყო რა შედეგი მოყვებოდა ჩემს დღევანდელ საქციელს.
ერთ დროს ჩემთვისაც სულ ერთი იყო მომავალი, იმიტომ რომ მე თავი დავაჯერე აწმყოს სრულყოფილებაში.
მაგრამ ახლა, როცა მთლიანად გავიაზრე თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის მომავალი და რა მიმზიდველია ის დრო, რომელიც ჯერ არ დამდგარა, მე მინდა ნებით თუ უნებურად ხელი არ შემეშალოს დროის დინებისათვის და კლდიდან უცაბედად დაგორებული ლოდივით, რომელმაც ნაკადულს გზა გადაუკეტა და სხვა კალაპოტში გადააგდო, არ შევცვალო ის.

მე კონფორმისტი არ ვარ, არც წარსულს ვაიდეალებ და არც ვარდისფერი სათვალე მიკეთია და არც მომავალი მესახება ერთადერთ ბედნიერებად, რომელზე ფიქრის გარეშეც დღევანდელობა არარაობაა.
მე უბრალოდ ვიგრძენი რომ თითოეული ადამიანის შიგნით მისსივე მომავალი ცხოვრობს, მომავალი, რომლის გარეშეც ეს ადამიანი სულ სხვა იქნება.
ამიტომ, მე მინდა ჩემში გაგრძელებულ მომავალს შლამისგან გაწმენდილი კალაპოტი დავახვედრო გზად და იმ მძიმე ლოდებისგანაც დავიცვა, რომელსაც ცხოვრება ყველას გვიმზადებს.
Posted in ჩემი დიაზეპამი | Tagged: მომავალი | 8 Comments »